დეზინფექცია

ყველანაირ ამოღებულ წყალში არსებობენ ბაქტერიები. ყველაზე ნაკლებად – არტეზიულ წყლებში, ყველაზე მეტად – ტბებში. ბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდებიან, ამიტომ წყალმომარაგების სისტემის ყველა ეტაპზე მიმდინარეობს ბრძოლა მათ გავრცელებასთან.  

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ ობიექტებს, სადაც წყალი ნაკლებად ახლდება –  ანელებს მოძრაობის სიჩქარეს (რეზერვუარები) ან მოძრაობს რეცირკულაციით (საცურაო აუზები). ამ ობიექტებში ყოველთვის არსებობს ისეთი ზონები, სადაც ბაქტერიები ქმნიან კოლონიებს, ე.წ. ბიოფირებს და ვრცელდებიან დანარჩენ სივრცეში. ბიოფირები დაფიქსირებულია ასევე მილსადენებში, სადაც ბაქტერიების გავრცელების წყაროს გარდა, არსებობს საფრთხე მილსადენის დიამეტრის შემცირებისა.  

ბაქტერიები და ვირუსები, სახეობებიდან გამომდინარე, ვრცელდებიან სხვადასხვა ტემპერატურის წყალში, მაგალითად ცხელი წყლის მომზადების სისტემაში ვრცელდება ბაქტერია ლეგიონელა, რომელმაც გამოიწვია ბიზნესმენების დაღუპვის ცნობილი ისტორიული ფაქტი და მოიპოვა ამით თავისი დასახელება.  

ამიტომ დეზინფექციის პრაქტიკაში ცდილობენ, რომ წყალში ყოველთვის არსებობდეს დეზინფექტანტის მინიმალური რაოდენობა, რაც არ მისცემს ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას. ამ თვალსაზრისით ყველაზე გამოსადეგი გახდა ქლორირების ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მიიღწევა ქლორის ნარჩენი რაოდენობა (residual chlorine). დეზინფექციის სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც ატარებენ დროებით ეფექტს გამოიყენება იქ, სდაც საჭიროა გაძლიერებული ბაქტერიციდური ზემოქმედება. 

დღესდღეისობით არსებობს სამი ძირითადი მიმართულება ბაქტერიებზე ზემოქმედებისა ულტრაიისფერი სხივებით, ქლორის შემცველი ნივთიერებებით და ოზონირებით (რადიაციული და სხვა ექზოტიკური მეთოდები ამ სტატიაში არ განიხილება). 

ულტრაიისფერი სანათები. UV დანადგარებში წყალი მოძრაობს, როგორც ჩვეულებრივ მილებში. დანადგარის შიგნით მოთავსებულია ულტრაიისფერი  სანათები, რომლებიც თავის გამოსხივებით აზიანებენ ბაქტერიების და ვირუსების მემბრანებს. UV სანათის თავისებურება არის ის, რომ დროის განმავლობაში სანათების შუშებზე გროვდება ნალექი, რაც უფრო ჭუჭყიანია წყალი, მით უფრო მეტი. ამ ნალექის გასაცლელად საჭიროა შუშის გაწმენდა. ეს პროცედურა ხდება დანადგარის მუშაობის გაჩერებით, ამიტომ პროექტირების დროს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული დანადგარის ცხელი რეზერვირება. გაწმენდებს შორის პერიოდების გასაზრდელად შესაძლებელია UV დანადგარში ულტრაბგერითი გამომსხივებელის დაყენება, რომელიც ქმნის წყალში მიკროვიბრაციებს და ამით შლის სანათის შუშის კედელზე დაგროვილ ჭუჭყს.  

ქლორირება. ქლორი არის აქტიური ნივთიერება, რომელიც შედის რეაქციაში ბაქტერიების მემბრანებთან და შლის მათ. დღესდღეისობით წყლის ქლორირების პრაქტიკაში გამოიყენება შემდეგი ქლორშემცველი ნივთიერებები:

– გაზისებური ქლორი (Cl2). მიეწოდება ობიექტზე წნევიანი ბალონებით. 

– ნატრიუმის ჰიპოქლორიტი (NaOCl). მზადდება მარილისგან სპეციალური ელექტროლიზური დანადგარის მეშვეობით. 

– კალციუმის ჰიპოქლორიტი (‎Сa(ClO)2). მზადდება ფხვნილის წყალში გაზავებით

– ქლორის დიოქსიდი (ClO2). მზადდება მარილმჟავისა (HCl) და ნატრიუმის ქლორიტისგან (NaClO2).

ყველა ამ ნივთიერებას აქვს თავისი დამზადების და გამოყენების ტექნოლოგია, რაც განიხილება სპეციალურ ლიტერატურაში. აქ აღვნიშნავთ, რომ ქლორის დიოქსიდის გარდა, სხვა ქლორის დეზინფექტანტები მოქმედებენ მხოლოდ ბაქტერიების უმეტეს შტამმებზე. ყველაზე ეფექტური, მოქმედების თვალსაზრისით, არის ქლორის დიოქსიდი, რომელიც მოქმედებს ყველა ბაქტერიაზე და ასევე ვირუსზე. ამავე დროს, ქლორის დიოქსიდის მიღება არის ყველაზე ძვირი, ამოტომ, პრაქტიკაში, ის გამოიყენება საბოლოო მოხმარების წერტილებში, მაგალითად დიდ სასტუმროებში ლეგიონელასთან საბრძოლველად. დანარჩენ წყალმომარაგების აპლიკაციებში, განსაკუთრებით მაგისტრალურ მილსადენებზე და შუალედურ რეზერვუარებზე გამოიყენება ქლორის სხვა ზემოთაღნიშნული ფორმები.  

ოზონირება

ოზონი O3 არის გაზი, რომლის აქტივობა არის უფრო მეტი ვიდრე ქლორის. ოზონს აქვს ფართო მოქმედების სპექტრი, მაგრამ ის ძალიან მალე იშლება, იქცევა ჩვეულებრივ ჟანგბადად და შემდეგ გადადის შეკრული ოქსიდების ფორმაში. ოზონის აქტივობის გამო ის ითვლება ტოქსიკურ ნივთიერებად ადამიანისთვის, ამიტომ მისი წარმოების და გამოყენების პროცესში, არის მკაცრად დასაცავი უსაფრთხოების ნორმები.  

დეზინფექციის ახალი ტექნოლოგია

თანამედროვე ტექნოლოგიები ცდილობენ გამოიმუშავონ მეთოდი წყლის ისეთი მადეზინფიცირებელი საშუალების მისაღებად, რომელსაც ექნება დიოქსიდისნაირი ეფექტი და მისი გამომუშავება იქნება ქიმიურ მეთოდზე უფრო იაფი. ასე შეიქმნა ტექნოლოგია MIOX (Mixed Oxidants Solution). ამ ტექნოლოგიით მარილხსნარისგან ელექტროლიზის მეთოდით ღებულობენ  ერთდროულად რამოდენიმე ნივთიერებას – ჰიპოქლორიტს, სუფთა ქლორს და ოზონს, რომლებსაც ერთობლივად გააჩნიათ უფრო ფართო მოქმედების სპექტრი. მაგრამ ეს ტექნოლოგია არის ძალიან ძვირი და ჯერ იმყოფება გამოცდის ეტაპზე, რომელზეც გროვდება სტატისტიკური მონაცემები.   

წყლის დეზინფექციის საკითხები კონკრეტულ ობიექტთან მიმართებაში დაკავშირებულია ბევრ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ნიუანსთან.  

კომპანია MEGAPROJECT გთავაზობთ პროფესიულ კონსულტაციას და ქლორირების პროექტის დამზადებას შემდგომი მონტაჟით და საგარანტიო მომსახურებით.